წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოკლე ისტორია







     წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის მოკლე ისტორია 


უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ  ილია  II-ის ლოცვა-კურთხევით და მიტროპოლიტ სერგის (ჩეკურიშვილი) თაოსნობით ყვარლის ყოფილი სკოლა-ინტერნატის ბაზაზე 1999 წელს დაფუძნდა წმიდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზია. გახსნისას ფუნქციონირებდა 10  კლასი და ირიცხებოდა 99 მოსწავლე, მუშაობდა 44 თანამშრომელი, მათ შორის: 25 პედაგოგი. 
საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 3 მაისის განკარგულების საფუძველზე უსასყიდლო, უვადო უზუფრუქტის ფორმით ყვარლის სკოლა-ინტერნეტის უძრავ-მოძრავი ქონება გადაეცა საქართველოს საპატრიარქოს. აღნიშნული ქონება სანოტარო წესით საქართველოს საპატრიარქომ გადასცა ყვარლის წმ. ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიას.
2001 წელს  ყვარლის გიმნაზიას ესტუმრა უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია II და დალოცა ახალფეხადგმული გიმნაზია.
2012-2017 წლებში გიმნაზიამ წარმატებით გაიარა ავტორიზაცია და საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით ექვსი წლის ვადით მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებითი, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მიზნით. მოსწავლეთა ადგილების ზღვრული რაოდენობა განისაზღვრა 300 ბავშვით.
წმიდა ილია მართლის სახელობის გიმნაზიას გააჩნია შესანიშნავი მატერიალურ-ტექნიკური ბაზა: კარგად გარემონტებული სასწავლო კორპუსი, ორას ადგილიანი სააქტო დარბაზი, სასადილო, საძინებელი კორპუსი, სახელობო სწავლების კაბინეტები, ბიბლიოთეკა, მრავალფეროვანი წიგნადი ფონდით და სამლოცველო. საკლასო ოთახები აღჭურვილია სათანადო ინვენტარით.  ჩვენთან სწავლება უფასოა, მოსწავლეებს ემსახურება უფასო ავტობუსი და უფასო სასადილო. 
მოსწავლეთა სულიერი და ზნეობრივი აღზრდის წმიდათაწმიდა საქმეს, ეპარქიის მმართველი მიტროპოლიტი სერგის კურთხევით, ემსახურებიან ნეკრესის ეპარქიის სასულიერო პირები: გიმნაზიის მოძღვარი - დეკანოზი ბადრი (არჩუაძე), პრორექტორი სასწავლო სააღმზრდელო დარგში-მღვდელი გიორგი (გაფრინდაშვილი ). ყველა კლასს, I-დან XII - კლასის ჩათვლით, მინიჭებული აქვს წმინდანთა სახელები.
 აკადემიური მოსწრების ამაღლებისა და მასწავლებელთა პროფესიული დახელოვნების მიზნით  ხდება გაკვეთილების წინასწარი დაგეგმვა და ურთიერთდასწრება, რომელსაც კურირებს პრორექტორი სასწავლო სააღმზრდელო დარგში მღვდელი გიორგი (გაფრინდაშვილი).
ამ წლების განმავლობაში გიმნაზიის კურსდამთავრებულებს შორის არიან ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები, სხვადასხვა კონკურსებსა და საგნობრივ ოლიმპიადებში გამარჯვებულები. ისინი წარმატებით აგრძელებენ სწავლას საქართველოს სხბვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში, ზოგიერთი მათგანი სარგებლობს სახელმწიფოს მიერ ასპროცენტიანი ან ნაწილობრივი დაფინანსებით.
სასწავლებელში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსწავლეთა სპორტულ აღზრდას. გიმნაზიას აქვს კალათბურთის, ფრენბურთისა და ფეხბურთის მოედნები და კეთილმოწყობილი სპორტული დარბაზი. 

Comments

Popular posts from this blog

,,ანბანის გაცილება" I- კლასი